ისტორია

istoria-large

საქართველოში კინემატოგრაფიის ისტორია იწყება და ვითარდება ევროპული კინოს პარალელურად.
1908 წელი – ეს თარიღი ოფიციალურად აღინიშნება ქართული კინოს დაბადების თარიღად. ამ დროიდან იწყება ქართული კინოფილმების წარმოების ისტორია, რომლის პიონერები იყვნენ ვასილ ამაშუკელი და ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი). მათ მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმები ძირითადად ასახავდა საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენებს: „ქვანახშირის ზიდვა აქლემებით”, „ბაქოს ბაზრები”, „ქუთაისის პეიზაჟები” და სხვა.
1812 წელს ქალაქ ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში” შედგა ვასილ ამაშუკელის სრულმეტრაჟიანი ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმის პრემიერა „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”.
1916 წელს რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას მიერ გადაღებულ იქნა პირველი სრულმტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქრისტინე”.
1918 წელს ბელგიური კინოფირმა „FILME”-ს -მონაწილეობით თბილისში იქმნება პირველი კინოსტუდია.
1923 წელს სტუდია ,,FILME’’-ს სტუდიის ბაზაზე დაარსდა სს „სახკინმრეწვი”.
1928 წელს შეიქმნა კინოქრონიკის სექტორი. ამ პერიოდისთვის საქართველოში უკვე გადაღებულია 200-მდე მხატვრული და ქრონიკალურ-დოკუმენტური ფილმი.
1930 წელს გადაღებულ იქნა პირველი ანიმაციური ფილმი „გაზაფხული” – რეჟ. ვლადიმერ მუჯირი.
1932 წელს შეიქმნა საქართველოში პირველი ხმოვანი მხატვრული ფილმი “როტე ფანე”- რეჟ. ლეო ესაკია.
1938 წელს „სახკინმრეწვს” ეწოდა „თბილისის კინოსტუდია”.
1947 წელს გაიხსნა სტერეოკინოს სტუდია, სადაც გადაღებულ იქნა პირველი საბჭოთა სრულმეტრაჟიანი სტერეოსკოპული ფილმი “რობინზონ კრუზო”.
1951 წლიდან “თბილისის კინოსტუდია” იწყებს ფერადი ფილმების წარმოებას.
1953 წელს “თბილისის კინოსტუდიას” ეწოდა კინოსტუდია „ქართული ფილმი”.
1956 წლიდან საქართველოს ტელევიზიის მაუწყებლობის გახსნიდან იწყება სატელევიზიო ფილმების სტუდიის არსებობაც.
1958 წელს ჩამოყალიბდა დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდია.
1992 წელს სახელმწიფო მეთაურის განკარგულებით შეიქმნა დახურული ტიპის სააქციო საზოგადოება ,,ქართული ფილმი”- რომელიც გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმი”-ს სამართალმემკვიდრე, ანუ 1912 წლიდან არსებული ყველა ქონებრივი და ინტელექტიალური საკუთრების მფლობელი.
ქართული კინოს 110 წლიანი ისტორიის მანძილზე კინოსტუდია ქართული ფილმის ბაზაზე შექმნილია 900-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 1600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმი და 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმი. ქართულ კინოში დასაბამიდან დღემდე მოღვაწეობდნენ მსოფლიოში აღიარებული კინემატოგრაფისტები, როგორიცაა ალექსანდრე წუწუნავა, ალექსანდრე დიღმელოვი (დიღმელაშვილი), კოტე მარჯანიშვილი, ვლადიმერ ბარსკი, ივანე პერესტიანი, მიხეილ კალატოზოვი (კალატოზიშვილი), ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, დავით რონდელი, ვახტანგ ტაბლიაშვილი, ნიკოლოზ სანიშვილი, რეზო ჩხეიძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ შენგელაია, ლანა ღოღობერიძე, სერგო ფარაჯანოვი, გიორგი შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, თენგიზ აბულაძე, ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძე, თემურ ბაბლუანი და სხვები.
ქართულმა კინომ თავისი არსებობის მანძილზე აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თითქმის ყველა კინოფესტივალსა, თუ ფორუმზე: კანი, ბერლინალე, ობერჰაუზენი, ვენეცია, რომი, მოსკოვი და სხვანი და სხვანი.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველომ განიცადა სერიოზული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისი. არ არის გასაკვირი, რომ ამ კრიზისმა გავლენა იქონია კინოინდუსტრიაზეც. ტექნიკოსები და მსახიობები დაითხოვეს სამსახურიდან. კინოს მწარმოებელი სამსახურები ან დახურეს, ან მათი დაფინანსება მინიმუმამდე დაიყვანეს. თითქმის 20 წლის მანძილზე სააქციო საზოგადოება ,,ქართული ფილმში” არ მომხდარა ტექნიკური განახლება და ფილმწარმოება მინიმუმამდე დავიდა.
2007-2008 წლებში შეიცვალა ადმინისტრაციული შენობა, გაკეთდა რემონტი და განახლდა აპარატურა, თუმცა წარმოება მაინც არ გაზრდილა. დღეს ს.ს. ,,ქართული ფილმს” მართავს ახალი გუნდი,
რომელსაც ახალი სტრუქტურული ცვლილებებისა და განვითარების პროექტები გააჩნია.

ქართული კინო საერთაშორისო ფორუმებზე:

1911 წელს პარიზის ეკრანებზე პირველად იქნა ნაჩვენები ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე დიღმელოვის (დიღმელაშვილის) მოკლემეტრაჟიანი ქრონიკები
1924 წლს პარიზისა და ლიონის საერთაშორისო გამოფენაზე პირველად ნაჩვენები იქნა ქართული სრულმეტრაჟიანი ფილმები ,,სურამის ციხე’’-რეჟ: ივანე პერესტიანი-1922წ. ,,არსენა ჯორჯიაშვილი“-რეჟ.-რეჟ: ივანე პერესტიანი-1921წ. ,,მოძღვარი’’–რეჟ: ალექსანდრე ბარსკი-1923წ.
1924 წლიდან იწყება ქართული კინემატოგრაფიის ტრიუმფალური სვლა მსოფლიოს კინოფოეკრანებზე

ქართული ფილმის ფონდები:

ფირსაცავი-
800 მხატვრული და მოკლემეტრაჟიანი, 1500-მდე დოკუმენტური და 600- მდე ანიმაციური და დიაპოზიტიური ფილმების საწყისი მასალები და ასლები 87.000 კოლოფი

მხატვრული ფონდი-

მხატვრული ფილმების ესკიზები, კოსტუმები , ექსტერიერები, ინტერიერები, კადრირება 1000-ზე მეტი ნამუშევარი.
ანიმაციური და დიაპოზიტიური ფილმების ესკიზები – 2000-ზე მეტი ნამუშევარი.
ორიგინალი კინოაფიშები – 300 ცალი;
ფოტოსურათები და ფოტონეგატივები ფილმებიდან და გადასაღები მოედნებიდან — 60,000 ცალი.
სცენარები და სამონტაჟო ფურცლები – 500 ფილმი.
დაუსრულებელი და გადაუღებელი ფილმების სცენარები –200 ფილმი.